2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდა - 2012 წლის შემდეგ კი შენი ხელისუფლების დანაშაულია, რომ ასეთი მოსამართლეები გყავს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პასუხისმგებლობა ყოველთვის არსებობს ყველა მოქმედებაზე, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას აქვს ხანდაზმულობის ვადა და ეს ხანდაზმულობის ვადა გავიდა მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდა. ეს ხანდაზმულობისა და პასუხისმგებლობის ვადა აქ ამოიწურა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამასთან მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ 4 მოსამართლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, არამედ ეს ფაქტი რეპუტაციულად ლახავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ამიტომ საჭიროა მყისიერი მოქმედება.
„აგონიაში მყოფი პირების განცხადებებია, თურმე ჩვენ ასეთი მოსამართლეები გვყავდა და ეს 2012 წლამდეც ცუდია. 2012 წლის შემდეგ უკვე შენი, როგორც ხელისუფლების დანაშაულია, რომ ასეთი პირები გყავს მოსამართლეებად, ასეთ პირებს გამოატანინე პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისა და ხალხის წინააღმდეგ და ბუნებრივია ამაზე როცა დგას შენი ხელისუფლება, გამოდის, რომ სანქციები შენზეც გავრცელდება, იმიტომ, რომ დანაშაულებრივი როლი და ღვაწლი შენ გაქვს ამ სისტემის მშენებლობაში.
დღეს ამ მოსამართლეების წკავწკავი არავის არ აინტერესებს, მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები, ეს ეხება ამ პირების გადაადგილებას აშშ-ში, თუ ხელისუფლება არ მოახდენს სწორ რეაგირებას, არ დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით, იმ პოლიტიკოსების მიმართ, მათ შორის, პარლამენტსა და მთავრობაში, ვინც შექმნა ეს სისტემა, ვინც გარიგებაში შევიდა ამ პირებთან, უზრუნველყოფდა პოლიტიკურ მხარდაჭერას, ბუნებრივია, მათ მიმართაც განხორციელდება სანქცირება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.