არავინ არ თქვას, რომ გია ბარამიძემ რაღაც განცხადება გააკეთა და ამიტომ, განცხადება არის ერთი, რაც ხდება არის დასაწყისი იმ ტერორის, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების განადგურებას ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

„სიგიჟეა, რასაც გვთავაზობს ე.წ. ხელისუფლება, რუსული რეჟიმი. ამ ქვეყნის პატრიოტს, გია ბარამიძეს უყენებენ ბრალდებას აფხაზეთის ომის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით გია ბარამიძემ არაერთი განმარტება გააკეთა, დააზუსტა, რას გულისხმობდა იაგო ხვიჩიასთან, როდესაც მან კონკრეტულ მოვლენებზე ისაუბრა. დღეს პირდაპირ დაგვიანონსეს, რომ აპირებენ პარტიების აკრძალვას, დაიწყეს პროპაგანდისტული კამპანია. პირდაპირ გვითხრეს, რომ ქართველი რუსს თუ მტერს და ოკუპანტს დაუძახებს, ეს რუსუფობიაა.

საქართველოს გარუსების ბოლო ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო პარტიების აკრძალვა და გია ბარამიძის დაკავება არის ამ სიგიჟის ნაწილი. ამ ნაბიჯით იწყებენ პოლიტიკური პარტიების განადგურება. ამიტომ, ახლა საჭიროა, დავდგეთ ერთად. გია ბარამიძეს რა გაუკეთებია, როგორი პატრიოტი და კეთილსინდისიერი ადამიანია ყველამ კარგად იცის. რაც ხდება, არის პირდაპირი ტერორი და რეპრესია. ამ რეპრესიისა და ტერორის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ ყველა. რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და გია ბარამიძის თავს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. არავინ არ თქვას, რომ გია ბარამიძემ რაღაც განცხადება გააკეთა და ამიტომ, განცხადება არის ერთი, რაც ხდება არის დასაწყისი იმ ტერორის, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების განადგურებას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ფარულავამ.

გენპროკურატურამ სამშობლოს ღალატის მუხლით გიორგი ბარამიძე დააკავა