საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის წინ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა მნიშვნელოვნად ართულებს ვითარებას. 

,,ფონი არის საკმაოდ მძიმე როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. ეს მნიშვნელოვნად ართულებს ვითარებას ამ რაუნდის წინ. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ძალის გამოყენების მაგალითი და პირდაპირი დარღვევა ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა. ეს არ იყო რაიმე ინციდენტი, ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა და მაგალითი ძალის გამოყენებისა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ ამ კონტექსტში იქნება ეს საკითხი დასმული ქართული მხარის მიერ. ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა, შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის, 2023 წლის 6 ნოემბერს,   თამაზ გინტური სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.