პარლამენტი "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ახალი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. საკანონმდებლო პაკეტზე კანონმდებლები, სავარაუდოდ, ხვალინდელ სესიაზე იმსჯელებენ. მმართველი გუნდი ცვლილებას ქვეყანაში სტაბილურობის აუცილებლობით ხსნის. 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ საუბარია კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაზე. 

"ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე დამატებით შეზღუდვებზე, არამედ საუბარია კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაზე იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა, დარჩნენ დაუსჯელები. თქვენ იცით, რომ არანაირი ახალი კანონი, არანაირი ახალი შეზღუდვა, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, აქციების ჩატარებასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. მკაცრდება ის მუხლები, რომლებსაც მიზანმიმართულად იყენებს ოპოზიცია ქვეყანაში რადიკალური პროცესების განვითარებისთვის", - აცხადებს ლადო ბოჟაძე.

სიახლის მიხედვით, მკაცრდება ჯარიმები, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა.