ათენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ კონსტანტინე მიხალასმა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს იოსებ ნანობაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც 4 -6 დეკემბერს ათენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Greek Tourism Expo” აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის მონაწილეობასთან დაკავშირებული მოკვლევის შედეგები გააცნო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მე პირადად ვესაუბრე გამოფენის ორგანიზატორს, ბ-ნ პაპადიოტისს და მინდა გთხოვოთ გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ მისმა პერსონალმა დეტალურად არ შეისწავლა ე.წ. აფხაზეთის პალატის განაცხადი და უარი არ უთხრა მას სავაჭრო გამოფენაში მონაწილეობაზე“ – ნათქვამია  ათენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის  წერილში.

წერილში კონსტანტინე მიხალასი საქართველოს ელჩს არწმუნებს, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ განმეორდება. ამასთან ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა პოზიტიურად შეაფასებს ახსნა-განმარტებით წერილს და ეს სამწუხარო ინციდენტი გავლენას არ იქონიებს ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებზე.

საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბერძნული მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. წარმომადგენელთა მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო ნორმებთან. ელჩმა საბერძნეთში მოქმედ ბიზნეს-ორგანიზაციებს მოუწოდა მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს საელჩოსთან და მის საკონსულო სამსახურთან მომავალში მსგავსიგაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით.