არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოსთის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევაა.

“ჩვენთვის ეს დღეს უკვე არის სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევა, პირველ რიგში რუსეთის იმ შესაძლო ქმედებების გამო, რასაც რუსეთი მოიმოქმედებს ამ კონფლიქტში. შესაძლოა, მოგვთხოვონ საჰაერო სივრცე ან ჩვენი ტერიტორია, რომ გიუმრის ბაზა გაამაგრონ ან რაღაცა ტიპის სამხედრო მოქმედებები მოიმოქმედონ. ამიტომ ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ დაკავებულები არა პირადი ცხოვრების ნაგავში ქექვით, არამედ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევით რომელიც გვაქვს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისათვის, როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ამ დროისთვის აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების “შეხების ხაზზე” ვითარება სტაბილურია, გასულ ღამით მსხვერპლი არ ყოფილა. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Trend  წერს, აღნიშნულის თაობაზე, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა. მისი განმარტებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ღამით შეტაკებები აღარ განახლებულა და ამ ეტაპზე აზერბაიჯანის სამხედრო ძალების საპასუხო ცეცხლის შედეგად, სროლები შეჩერებულია.

BBC-ის ცნობით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო შეტაკებებს 12 აზერბაიჯანელი და 18 სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში და მათ შორის არიან ბავშვებიც. აზერბაიჯანულმა მხარემ მომხდარის გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

პარალელურად, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით შეტაკებები გრძელდება. რეგიონში ვითარება შაბათს ღამით გაუარესდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა  ძალებმა აზერბაიჯანული არმიის მისამართით ცეცხლი გახსნა. როგორც ოფიციალური ბაქო იუწყება, სომხეთმა აზერბაიჯანის პოზიციებზე ინტენსიური საარტილერიო იერიში განახორციელა. მათი განმარტებით, სომხეთმა იერიშის დროს ნაღმტყორცნები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოიყენა.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს საარტილერიო თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა იერიშის დროს ჯავშანმანქანები და სამხედრო თვითმფრინავებიც გამოიყენა. სომხური მხარის მტკიცებით, სარაკეტო იერიშის დროს აზერბაიჯანულმა  მხარემ არა მხოლოდ სამხედრო თავდაცვითი პოზიციები, არამედ დასახლებული პუნქტებიც დაბომბა.