აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, „რუსული კანონი“ არის ის მოცემულობა, როდესაც ქართველი ხალხის ნება არის უგულებელყოფილი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი - ასეთი შეფასება ჰქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. ეს არის სასიცოცხლო მომენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის, რადგან ჩვენ გველოდება არჩევნები, რომელზეც უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი, განსაკუთრებით ეს ეხება გეოპოლიტიკურ განზომილებას, საქართველოს მოქალაქეების ნებას.
უზრა ზეიას შეფასებით, ძალიან მძიმე ვითარებაა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რადგან, მისი თქმით, „რუსული კანონი“ არის ის მოცემულობა, როდესაც ქართველი ხალხის ნება არის უგულებელყოფილი, მათ შორის ევროინტეგრაციის და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში.
რა თქმა უნდა, აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად. ჩვენ განვიხილეთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა. თუ როგორ დავიცვათ ხმები, იყოს აღსრულებული საქართველოს მოქალაქეების ნება. იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს მოსახლეობის ნება არ იქნება დაფიქსირებული, თუ არ შეჩერდება ადამიანების უფლებების დარღვევები, იცით, რომ სენატში და კონგრესში ამოქმედდება „მეგობარი აქტი“ და ასევე „ქართველი ხალხის აქტი“, რომლებიც სანქციებს ითვალისწინებენ. აშშ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს - ეს გარანტიები მივიღეთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.