"ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს.
"ტრამპზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიბერალურმა ფაშიზმმა დასავლური სამყარო კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა. სამწუხაროდ, აშშ-ის ისტორიაში პირველი არ არის პრეზიდენტის მკვლელობა და არც მკვლელობის მცდელობა, მათ შორის კი ბევრი პარალელის გავლებაა შესაძლებელი.
როგორც რობერტ კენედი უმცროსი აცხადებს, მისი ბიძა, ჯონ ფიცჯერალდ კენედი ომების საწინააღმდეგო პოლიტიკას და ვიეტნამის ომიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის დაწყებას შეეწირა. მოკლული პრეზიდენტის ძმისშვილი “სამხედრო სამრეწველო კომპლექსს” და მათ კონტროლქვეშ არსებულ საიდუმლო სამსახურებს ადანაშაულებს. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გზავნილიც ხომ უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებას და მშვიდობის დამყარებას უკავშირდება.
მაგრამ ანტისაომარი რიტორიკა არ არის ის ერთადერთი მიმართულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის მმართველი ცენტრის დღის წესრიგთან. დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში ტრამპი არის იმ იშვიათი ლიდერების სიაში, რომლებიც უპირისპირდებიან აგრესიულ ლიბერალურ იდეოლოგიას და მკაფიოდ ამბობენ მარტივ ჭეშმარიტებას: არსებობს ორი სქესი - კაცი და ქალი. ცხადია, შეუძლებელია ასეთ ჭეშმარიტებას რაიმე რაციონალური არგუმენტით მოერიო, ისევე როგორც შეუძლებელია ომი მშვიდობად წარმოაჩინო და ადამიანები ომის გაგრძელების უპირატესობაში დაარწმუნო. ამიტომ, თანამედროვე ლიბერალ-ფაშისტები ირჩევენ ბრძოლის ისეთ მეთოდებს, როგორიც გუშინ მთელმა მსოფლიომ იხილა.
ტრამპზე განხორციელებულმა თავდასხმამ ყველას გაგვახსენა, მაისის თვეში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ხუთი ტყვია ესროლეს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ვიქტორ ორბანის მგავსად, ფიცოს მიერ გატარებული ანტილიბერალური, ანტიმიგრაციული და ანტისაომარი პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ვაშინგტონის და ბრიუსელის დღევანდელი მმართველი ელიტის შეტევის ადრესატი. როგორც ჩანს, ყველა ვინც ლიბერალური ფაშიზმს უპირისპირდება, შესაძლოა აღმოჩნდეს სიცოცხლის რისკის ქვეშ, რადგან ძალები, რომელთა ინტერესებშიც არის ლიბერალური დიქტატის შენარჩუნება, ბრძოლის ნებისმიერ მეთოდზე არიან წამსვლელი.
როგორც უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვანახა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტერორის გზით მოშორება, ლიბერალური ფაშიზმის მესვეურთა არსენალში მტკიცედაა დამკვიდრებული. პრეზიდენტების და პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ გამოცხადებულია ნამდვილი ნადირობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს თანამედროვე დასავლური სამყაროს შესაძლებლობას, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო საკუთარ სივრცეში. აშშ-ის საარჩევნო პროცესში დამკვიდრებული შეუწყნარებლობის ატმოსფერო გავლენას ახდენს დასავლური დემოკრატიის ხარისხზე და ეჭვქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების არჩევნებში მათი შეფასების მორალურ უფლებას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ მას და მშვიდობას ამერიკას!" - ნათქვამია "ხალხის ძალის" გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.