საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სანდო მტკიცებულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები, რომლებიც აშშ-ის მიერ დასანქცირდნენ, ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში.
აღნიშნულის შესახებ კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას უპასუხა:
„საინტერესოა პრეცედენტი, სანქცირებული ოთხი ადამიანიდან ერთი მოსამართლე არის ყოფილი მოსამართლე. ვგულისხმობ ვალერიან ცერცვაძეს, რომელიც ექვსი წელია, აღარ არის სისტემაში და თავადაც დაადასტურა ეს. შესაბამისად, მოხდა ყოფილი მოსამართლის სანქცირებაც. ალბათ გადასარევად იცით, როგორი მდგომარეობა იყო 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში, ტელეკომპანია „იმედიც“ კი სწორედ იმ სასამართლოს მეშვეობით მიიტაცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენები 99 პროცენტს აჭარბებდა და სწორედ სასამართლო იყო უმთავრესი ინსტრუმენტი მაშინდელი ხელისუფლების ხელში რეპრესიული რეჟიმისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია, რომ დღეს სანქცირებული არ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის სათავეში იყვნენ – მაღალჩინოსნები, ვგულისხმობ ადეიშვილს, სააკაშვილს და სხვებს“.
კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეების დასანქცირება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყენებდნენ თავის უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში და ამიტომ არის სავიზო სანქციები მათ წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს დახმარების, მიაღწიოს ნამდვილად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწა და ამერიკა ძალიან ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობასთან იმუშავა სასამართლო რეფორმების ოთხ ტალღაზე, რომელმაც ხელი შეუწყო ეფექტურობის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, მაგრამ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს შინაარსიანი რეფორმები, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობას. იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ევროპელი სამართლებრივი ექსპერტების რეკომენდაციები პარლამენტისთვის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სასამართლო რეფორმა გაგრძელდეს, რეალურად დაფუძნდეს დამოუკიდებელი სასამართლო. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა კომისიის რეკომენდაცია გასულ თვეს ვნახეთ, რომ რეფორმები საჭიროა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს ოთხი ადამიანი იყო ნაწილი იმისა, რაც ხელს უშლიდა ამ რეფორმებს, ნაბიჯებს. ეს არ არის კარგი ქართველებისთვის, რადგან ქართველები იმსახურებენ სამართლიანობას, მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. სამართლის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ცენტრალური ნაწილია. სწორედ ამიტომ, კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო რეფორმა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რაც ევროპის კავშირმა განსაზღვრა საქართველოსთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. წლების მანძილზე ამაზე მუშაობს საქართველო და შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სავიზო სანქციები არის ამერიკული კანონის შესაბამისად. ქართველი სამართალდამცავების გადასაწყვეტია, დაიწყონ რაიმე გამოძიება“, – განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანს ჟურნალისტმა ასევე მიმართა: „რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამ ოთხ ადამიანზე არსებობდა მტკიცებულებები, თუმცა არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის სააკაშვილსა და ადეიშვილზე, რომელიც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სახით. ამიტომაც ვიკითხე, როდესაც სისტემის შემოქმედებს არ შეეხოთ ეს სანქციები“.
კელი დეგნანის განცხადებით, სანქციები განხორციელდა მათ მიმართ, სადაც სანდო ინფორმაცია არსებობდა.
„ჩვენ სადაც გვაქვს სანდო ინფორმაცია ამ ოთხი ადამიანის შესახებ, სწორედ მათ მიმართ იყო სანქციები. ეს ბრალდებები ვრცელდებოდა წლების განმავლობაში და ცნობილი იყო კორუფცია სასამართლო სისტემაში და იყო ხელის შემშლელი. იმედი გვაქვს, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ ამ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საქართველოს ერთგულება კორუფციასთან ბრძოლაში და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა შექმნან რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.