„ევროპა რატომ გვინდა? - ეს არის ის ღირებულებები, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაზე დგას ეს ყველაფერი? - სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება. - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი, რომელშიც ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ევროპული საბჭოს სხდომაზე განხილვას ითხოვს.
ეს ყველაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ ხნის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ყველა ეს მიმართულება დგას უმაღლეს საფეხურზე. ჩვენ გვახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ის რადიკალური დაჯგუფებები იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ფეხქვეშ იყო გათელილი. მაშინ გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის „დემოკრატიის შუქურა“. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია ქართველისთვის.
მე ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში - საქართველოში. ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ეს ხომ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ ყველაფრით მინდა მე ევროპა და ამ ყველაფრით ვუყურებ მე ევროპულ მომავალს და ხვალინდელ საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ განაპირობებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
„აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ კავშირში არაა იმასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდება თუ არ გაწევრიანდება. ჩვენ ვისმენთ ამ განცხადებებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, რატომ არის ცუდი და რატომ წარმოადგენს პრობლემას კანონი, რომელიც დაკავშირებულია იმ ევროპულ ღირებულებასთან, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია. რატომ არის ცუდი გამჭვირვალობა?! პირიქით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს ყვირიან, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ეს ყველაფერი, დეკლარირება გააკეთონ, საიდან და ვისგან ფინანსდებიან, მაგრამ აქ არის მეორე თემა, რომელიც მათ აწუხებთ - იმ დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსები მოდის ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა რევოლუციური გადატრიალება, ექსტრემიზმი, პოლარიზება და სიძულვილის წახალისება. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.
პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ