„შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ისაუბრა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა, „გაფარჩაკებული“ და „დაჩმორებული“, არამედ ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე და ეს მინდა იცოდეს ყველამ. საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასოდეს გახდება ვინმეს ვასალი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა აქციის მონაწილე ახალგაზრდები გარედან მართული, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საპროტესტო აქციას მართავენ რადიკალური დაჯგუფებები და კონკრეტული პირები.
„არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე, „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება და ზუსტად ყველაფერი კეთდება იმისთვის, უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული, რომ გამოაშკარავდეს, ვინ საიდან ფინანსდება, რა მიზნით, ეს ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე
ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.