„ვისაც მართლა აქვს სურვილი, რომ კარგი საქმე აკეთოს ამ ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ემსახუროს ამ ქვეყანას და არა ვიღაც სხვას, გაატაროს არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესები, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანასების გზით მათი მოსყიდვის საფრთხეებს ეხებოდა.
თბილისის მერის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მართლა კეთილ საქმეს აკეთებს და ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინასებთ. გუშინ პრემიერმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებათან დაკავშირებით და ის შანტაჟი, რომელიც მოდიოდა უცხოეთიდან, ამ ორგანიზაციების მიმართულებით, რომ თქვენ თუ დარეგისტრირდებით, ჩვენ არ დაგაფინანსებთ - ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ვისაც მართლა სურვილი აქვს, რომ კარგი საქმე აკეთოს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უკეთესი ხომ არ იქნებოდა არასამთავრობოების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები ხელისუფლებას სოციალური პროგრამებისკენ მიემართა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ისედაც აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველებსაც დავეხმარებით, უსახლკაროებსაც, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, წინ წავიდა, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და პრობლემები. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იქამდე, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება. ყველა ოჯახს და ყველა ადამიანს გვერდით დავუდგებით. რაც შეეხება არასამთავრობოებს, სახელმწიფო ხელს შეუწყობს, ეს იქნება ფიზიკური პირი თუ კონკრეტული ორგანიზაცია, ვინც საქვეყნო საქმეს აკეთებს და ემსახურება თავის სამშობლოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.