თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს კი იგივე სიტუაცია საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, საერთაშორისო მედია წერს, რომ ევროკომისია და ჯორჯ სოროსი ევროპაში მიმდინარე აქციებს ფინანსებდა.
„მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალიან მძიმე პროცესები მიდის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ რა ხდება - ძალადობრივი გამოსვლები, შეტაკებები. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროა ის ფაქტი, როდესაც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდით ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა, ამერიკული ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ქმნიდნენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ქმნიდნენ იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ პოლარიზაცია. ეს ძალიან მძიმეა.
შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის შეცვლა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. დღეს, ამ ყველაფერს ვხედავთ ევროპაში. რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე. მე არ მახსოვს, რომ ვინმე გამოსულიყო და დაეგმო ის პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა, ის ძალადობრივი ჯგუფები როგორც მოქმედებდნენ. ასევე, დღეს ვერ ვხედავ, რომ ვინმე გამოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დაგმოს თუნდაც პოლიციის მიერ აქციების დაშლა. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ხალხი ამას ხომ ხედავს, ხომ აფასებს, ეს ხომ დამალული არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.








