რაც ხდებოდა 2012 წლმადე საქართველოში, ამ ყველაფერს “დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია- კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. აქაც მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს ასე იყო 2012 წლის შემდეგ, ასეა დღესაც და ასე იქნება მომავალშიც. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა. უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება. თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.
ამისთვის კი საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად.
ქართველი კაცი არასდროს შეურიგდება უსამართლობას და ღირსების აყრას. ჩვენ არ ვებრძვით არავის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით გვინდა უზრუნველვყოთ ევროპული მომავალი." - განაცხადა კახა კალაძემ