გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან. ისიც გვახსოვს, 2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები “დემოკრატიის შუქურას”. - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში, ამომრჩეველს.
ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინაშე ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული, ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ, მაგრამ გაძლევთ პირობას ჩემო აჭარლებო, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება არასდროს. ჩვენ ვივლით მხოლოდ და მხოლოდ წინ. დემოკრატიით, განვითარებით, მშვიდობითა და წინსვლით.
ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა. უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება. თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.
ამისთვის კი საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად.
ქართველი კაცი არასდროს შეურიგდება უსამართლობას და ღირსების აყრას. ჩვენ არ ვებრძვით არავის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით გვინდა უზრუნველვყოთ ევროპული მომავალი.
დაიმახსოვრეთ, 26! 26 არის ჩვენი რიცხვი! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს ამ ქვეყნის მომავალი! გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი! " - განაცხადა კახა კალაძემ.