თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ორგანიზაციის საქმიანობის ობიექტურობა.
„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები. სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ეს ყველაფერი. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა. მიჩვეულები ვიყავით ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს. ამ კონკრეტულ რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ევროპული სტანდარტი, სანამ მსოფლიოს ე.წ დიფ სთეითი მართავს.
„არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი. შეხედეთ, რა ხდება მსფლიოში - ვისაც აქვს ძალა, ის იღებს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს ის. არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან განსხვავებული დამოკიდებულება იქნება ამაზე. სამწუხაროდ, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ე.წ დიფ სთეითი ბატონობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.









