ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოლო დღეებში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ბანერების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, მათი ბანერები სიცრუეს შეიცავს, მათ შორის, არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს. მგონი, ფეისბუქის ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“. ეს ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზე. ყველა ბანერზე იყო სიცრუე, თუნდაც პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში 2.5% იყო გაყალბებული, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს დაახლოებით 50 000 ხმა არის. ანუ ისინი 50 000-მდე ხმის მოპარვას გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, რევოლუცია და ხელისუფლების ამ გზით შეცვლა მომხდარიყო.
ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. თუმცა, რაც არ უნდა კამპანიაში ჩაერთონ და რაც არ უნდა გააკეთონ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის განვითარება. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რაიმე ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ, რათა დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და არა – რომელიმე ქვეყნის ვასალი. ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ისე, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ ვიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ბოლო ბანერს „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“ და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთისგან წამოსული ორმაგი სტანდარტი შეურაცხყოფს საქართველოსა და ქართველს ხალხს.
„ესეც გაუგებარია და ტყუილია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 50-მდე პარტია არის აკრძალული სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, უკრაინასა და მოლდოვაში. მოქმედებს ორმაგი სტანდარტი. ის დამოკიდებულება, ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტი, რაც ბოლო პერიოდში დასავლეთისგან მოდის, ძალიან შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. სულელი არავინ არის. ყველაფერს კარგად ვხედავთ. ქართველები განათლებული ერი ვართ და ძალიან კარგად შეგვიძლია ანალიზის გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.