თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უმძიმესია ზოგადად სიძულვილი, თუმცა ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ სიძულვილს კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოაქვს.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ფაქტს, როდესაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ლანძღეს სასულიერო პირები, განსაკუთრებით მამა შალვას მიაყენეს შეურაცხყოფა, ეძახეს მას მოღალატე და აღარ ჩამოვთვლი კიდევ რა სიტყვებით მიმართეს. მამა შალვას პატრიოტიზმში, მის სიყვარულში ქვეყნისა და მრევლისადმი, ეჭვი არავის ეპარება. იგი გამორჩეული სასულიერო პირია, რომელიც მართლაც თავდაუზოგავად ემსახურება ეკლესიას და მრევლს.

ზოგადად, უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ. ამის დამანგრეველი შედეგები ვიცით საბჭოთა წარსულიდან.

ასე რომ მეგობრებო, დღეს ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯებით, მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები“, - განაცხადა კახა კალაძემ.