„კეზერაშვილი რომ კრიმინალია, მგონი, ეს არ ახალია და ყველამ კარგად ვიცით, მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, შემდეგ უკვე როდესაც წავიდა ქვეყნიდან, გააგრძელა ყაჩაღობა, მერე უკვე ევროპელ პენსიონერებს დაერია, ძარცვავდა და ძარცვავს ამ ადამიანებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, როდესაც მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილზე და მის მიერ 2008 წლის ომის დროს ბრილიანტების შეძენასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
კახა კალაძის თქმით, საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, 2008 წლის ომის დროს, კეზერაშვილის მიერ ძვირფასი ქვების შეძენის ფაქტი პასუხს სცემს ამ ადამიანის გარშემო არსებულ ყველა კითხვას.
„მის წინააღმდეგ უამრავი გამოძიება დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში, ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, ეს ადამიანი ამ ნაძარცვი ფულით აფინანსებდა ტელევიზიას, პოლიტიკას და იმ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქუჩაშია და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაფერი იცის, ვინ არის კეზერაშვილი, საიდან მოდის, როგორ ცხოვრობს და რა აქვს გაკეთებული.
ბრილიანტების შეძენას რაც შეეხება, ეს არის დამოკიდებულება, როდესაც შენი ქვეყანა იმყოფებოდა ისეთ მძიმე მდგომარეობაში. 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა, დავკარგეთ ტერიტორიები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ამ დროს თავდაცვის მინისტრი დაკავებულია ძვირად ღირებული თვლების, ბრილიანტების შეძენით, რაც წარმოუდგენელია. ეს ქმედება პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რა კითხვებიც ზოგადად მასზე არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.