თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ყველას აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ადრინდელი პერიოდისგან განსხვავებით, როცა ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრებების ჩახშობას. კალაძის თქმით, ქვეყნის განვითარებას ვერავინ შეაჩერებს.

კახა კალაძე დღევანდელ მსვლელობას და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„როგორი გამარჯვებაც არის, სულ ეგეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება, უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული მოსაზრებები ჩაეხშოთ და შეეზღუდათ ეს ყველაფერი. დღეს ქვეყანაში გვაქვს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა, გვაქვს უამრავი წინ გადადგმული ნაბიჯი, განხორციელებული რეფორმები და ამ ყველაფერს ვერავინ შეაჩერებს, ვერც ზურაბიშვილი, ვერც აღნიშნული მარშები. ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, რაც უნდა აგენტები შეიკრიბონ და ის მოღალატეები, ვისაც სურს, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და გვქონდეს იგივე მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ეს არ მოხდება, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.