მეგობრებო, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას. რომ აღარაფერი ვთქვათ  შორეულ წარსულზე,  ეს ხომ ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია. ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა.  ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა. 

ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის! სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული, განადგურებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა- ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას “არა ომს”.  დიახ, არა ომს! გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს! 
 
ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი. 
 
ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაში; რომ არ შეიძლება საქართველო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის. ადამიანს, რომელსაც არა აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება გული შესტკიოდეთ სხვა რომელიმე ქვეყანაზე? 
 
ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი, მოსახლეობა და სწორედ თქვენ ხელშია მისი მომავალი. - განაცხადა კახა კალაძემ.