„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომავალი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა Live -ის ეთერში განაცხადა. 

თბილისის მერის თქმით, მიუხედავად   უამრავი წინააღმდეგობისა და ხელოვნური ბარიერებისა,  „ქართულმა ოცნებამ“  ევროინტეგრაციის გზაზე  ყველაზე დიდ და  ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია.  მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ პროცესში  საქართველოს ინტერესების და  ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების სრული დაცვით იმოქმედა. 


„თუ რამე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“  პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ჰქონდათ, როგორმე ხელი შეეშალათ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის. მიუხედავად  ყველაფრისა, ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და რისთვისაც სისხლი დაიღვარა. ჩვენთვის ძვირფასია ქართული კულტურა, ჩვენი ტრადიციები.  რას ვიცავთ? ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზედაც დგას ჩვენი ერი, ვიცავთ ოჯახის ინსტიტუტს და ამ ყველაფრის შენარჩუნებით გვინდა ევროპული მომავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.