„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე კომენტირებისას მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, გაუგებარია ქვეყნის გარედან მოწოდებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როცა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის პირდაპირი მოვალეობაა ისეთი კანონების მიღება, რაც ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას უწყობს ხელს.
„საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტში აირჩია უმრავლესობა - „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახით. მათი პირდაპირი მოვალეობაა, მიიღონ კანონები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, მის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლასა და აღმშენებლობას. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია მოწოდებები გარედან, თუ რატომ არ უნდა იყოს კანონი მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას ითხოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ბევრი განცხადება უცხოეთიდან, თუმცა, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, გარდა ერთისა - „იმიტომ“.
ჩვენ ახლაც მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული არგუმენტი, წარმოადგინონ, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, პეტერ ფიშერის განცხადებიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაიხსნა, ვისი პასუხისმგებლობა დადგება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ხოლო ქართული მხარე 9-პუნქტიან გეგმას ბოლომდე შეასრულებს.
„ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. ჩვენ წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, ზაფხულში შესრულებული იქნება. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ მოლაპარაკებები უნდა გაიხსნა. თუმცა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.