მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჯერ პრემიერი გამოვიდა და ყველა ბრიფინგზე აბსოლუტურად ღიად საუბრობდა იმაზე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ელჩებთან მიმართებითაც კი გაკეთდა განცხადებები, რომ თუ არსებობს რაიმე კითხვები, მზად ვიყავით დისკუსიისთვის საჯარო ფორმატში, ღია ფორმატში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„თუ არის რაიმე კითხვები, თუ არის შენიშვნები, ეს, რა თქმა უნდა, გაზიარებული უნდა იყოს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული აღნიშნული კანონი. ამდენი ხანია ვაკვირდებით პროცესს, ამდენი ხანია მიმდინარეობს პროცესი, მოგისმენიათ ერთი არგუმენტირებული განცხადება, თუ რა არის პრობლემა შინაარსობრივად და რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონი ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს. მე არ მომისმენია, ეგეთი განცხადება ვინმეს გაეკეთებინოს.
არის ზედაპირული განცხადებები და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავტოვეთ სივრცე და განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში თუკი მოიტანთ რამე შინაარსობრივ საგანს, რისი შეცვლა შეიძლება, რაზე შეგვიძლია წავიმუშაოთ - ჩვენ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ ვეტოს ფარგლებში შეგვიძლია გავითვალისწინოთ რაღაცები, თუ შინაარსობრივად სწორი იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს და იმ ფორმით, როგორითაც არის წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, შევა ძალაში.“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.