პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მმართველობის დროს არსებული რეჟიმი დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ისმის, ცილისმწამებლური და სასაცილოა.
„ბიძინა ივანიშვილი - ერთი ადამიანი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მის ირგვლივ გააერთიანა სრულიად საქართველო, პოლიტიკური პარტიები. მანამდე გვახსოვს, თუ როგორ სრულდებოდა პოლიტიკური პარტიების მცდელობები არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ - ის სიბინძურე, სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ და განვითარებამ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი კარგადაა და უბედნიერესი ვართ. ცხადია, უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ერთად, არსებულ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი კარგახანია აღარ არის პოლიტიკაში, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, რასაც ოპოზიცია და მის მიერ მართული მედია აბსოლუტურად ნეგატიურად წარმოაჩენს.
„დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, ის პოლიტიკიდან გასულია, ეწევა ქველმოქმედებას და უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. დააკვირდით, მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობას როგორ ციტირებთ, როგორ მიაწვდით ინფორმაციის სახით ხალხს. ავიღოთ თუნდაც იპოდრომის ტერიტორია, „ლაგუნა ვერეს“ მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა. ყველაფერს გადმოსცემთ ისე, თითქოს, რაღაც უბედურება ხდება და რაღაც საზიანო კეთდება ჩვენი ქალაქისთვის. არადა, რეალობა პირიქით, აბსოლუტურად განსხვავებულია. ყველაფერი კეთდება ამ ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი წარმატებისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება „ლაგუნა ვერესა“ და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგებას, რომლის ტერიტორიაც ბიძინა ივანიშვილისა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, კახა კალაძე აცხადებს, რომ ბრალდებები ამ საკითხთან დაკავშირებითაც ყოვლად უსაფუძვლოა.
„ანუ რას ამბობენ ოპონენტები, რომ გვინდა მეტი ვულკანიზაცია, მეტი ავტოგასამართი სადგური, რომელიც იმ ტერიტორიაზეა და ეს ყველაფერი უწყობს ხელს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ხოლო ისეთი ჯანსაღი პროექტები, რომლებიც ამ კონკრეტულ სივრცეში და მის მოსაწესრიგებლადაა წარმოდგენილი, ხელს უშლის ქალაქის განვითარებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. ეს ყველაფერი სასაცილოა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.