მეგობრებო, ჩვენი ყველას სათქმელი არის ერთი! არა რუსულ კანონს! ისევე, როგორც არა არაც ერთი ქვეყნის კანონს! არა უცხო ქვეყნების გავლენას საქართველოზე! კი ევროპას! ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, კი ქართულ კანონს და გამჭვირვალობას! - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში” გაავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

თბილისის მერის განცხადებით,  „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. 
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს პირველ რიგში რუსეთის, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება.
ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად?  ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია -  არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ ეს კითხვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.