2012 წლამდე არც ერთი დონორი ფულს არ მოგცემდა, თუ საკითხი შეთანხმებული არ იყო კონკრეტულ სამინისტროსთან, რომელიც კოორდინაციაში იყო დონორებთან - საერთოდ არ მოქმედებდა ეს კანონი და ისე აგვარებდნენ ამას, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლამდე არცერთი დონორი დაფინანსებას არ გამოუყოფდა „ენჯეოს“, თუ მასზე ინფორმაციას სახელმწიფო კანცელარიაში არ გადაამოწმებდა.

„2012 წლამდე არც ერთი დონორი ფულს არ მოგცემდა, თუ საკითხი შეთანხმებული არ იყო კონკრეტულ სამინისტროსთან, რომელიც კოორდინაციაში იყო დონორებთან - საერთოდ არ მოქმედებდა ეს კანონი და ისე აგვარებდნენ ამას. „ენჯეო“ რომ იყავი და მიხვიდოდი დონორთან, ეტყოდი, იქნებ, ეს პროექტი დაგვიფინანსო, გეუბნებოდნენ, ერთი წუთით. მიდიოდნენ და არკვევდნენ, დაეფინანსებინათ თუ არა „ენჯეო“. სახელმწიფო კანცელარია თუ ეუბნებოდათ, რომ არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ამის ნახვა „ენჯეო“ სექტორში არ გვინდა, საერთოდ არ გირიცხავდნენ ფულს და მაშინ ჩუმად რატომ იყვნენ?!“, - აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ესმის „ენჯეოების“ წუხილი, რომლებიც მიჩვეული იყვნენ, რომ არაფრის ვალდებულება არ ჰქონდათ და ბუნებრივია, დისკომფორტი ექმნებათ, რადგან მომავალში კანონით ვალდებულებები დაეკისრებათ.

„მაჩვენონ ერთი სტროფი, მიღებული კანონიდან ან პროექტიდან, რომელიც უკვე იხილება, სადაც წერია, რომ ამ კანონის მიზნები არის რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ფულის კონტროლი. მაჩვენონ, გავჩუმდები, ხმას აღარ ამოვიღებ! ასეთ რაიმეს ვერ ჩაწერენ, რადგან საერთაშორისო სამართალში ასეთი ტერმინები არ არსებობს, თუ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ ქვეყანასთან არ გაქვს საქმე. ჯერჯერობით, არც ერთი ქვეყანა, ყველა პროცედურის დაცვით, ტერორისტულ ქვეყნად აღიარებული არ არის. შესაბამისად, დისკრიმინაციას ვერ მოახდენენ. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოსდა, დასავლეთი ამას აკეთებს მხოლოდ რუსეთის გამო, მით უმეტეს, ასეთ რამეს ტექსტში ვერ იპოვით“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.