"თქვენ მთელი მსოფლიო გიცნობთ, როგორც ღირსეულ ჯარისკაცებს. მე სიამაყით ვისმენდი აშშ-ის ელჩის სიტყვებს ამ ტრიბუნიდან, როდესაც მან აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოა თქვენს წინაშე ვალში და მთელმა მსოფლიომ იცის თუ როგორი ღირსეული პარტნიორები და თავგანწირული მებრძოლები ხართ",- ასე მიმარტა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას, რომელსაც დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა.
"თქვენ მიიღეთ ღირსეული გადაწყვეტილება ემსახუროთ თქვენს ქვეყანას და საჭიროების შემთხვევაში თავიც კი გაწიროთ მისთვის. თქვენნაირი ადამიანები და ვაჟკაცები ქმნიან ქვეყნის ღირსეულ სახეს. თქვენ ამით აგრძელებთ იმ დიდ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენმა თავდადებულმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. შეიძლება ადამიანებმა და ქვეყნებმა ბრძოლაში დაკარგონ ტერიტორიები, მაგრამ ღირსეული ერი არასდროს კარგავს ღირსებას. ეს ღირსება გვავალდებულებს ყოველთვის გვქონდეს მისწრაფება აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთგულნი იმ თავდადებული გმირებისა, რომლებმაც ახლო წარსულში ღირსების, თავგანწირვის და თავდადების დიდებული მაგალითები გვიჩვენეს.
დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას გავაგრძელებთ და მათ დანატოვარს ვუერთგულებთ. თქვენ მთელი მსოფლიო გიცნობთ, როგორც ღირსეულ ჯარისკაცებს. მე სიამაყით ვისმენდი აშშ-ის ელჩის სიტყვებს ამ ტრიბუნიდან, როდესაც მან აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოა თქვენს წინაშე ვალში და მთელმა მსოფლიომ იცის თუ როგორი ღირსეული პარტნიორები და თავგანწირული მებრძოლები ხართ.
სწორედ ამიტომ გაქვთ დიდი დაფასება და აღიარება არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ჩვენი პარტიორებისგანაც. ღირსების საქმეა, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს ისეთ დონეზე, რომ არავის მოუვიდეს თავში აზრად ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა. ჩვენი ბრძოლისუნარიანობა თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან აშშ-თან ერთად საქართველოს მზადყოფნის პროგრამას ვიწყებთ. მთელი ჩემი ენერგია თქვენთან ერთად მიმართული იქნება ამ პროგრამის განხორციელებისთვის. ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ ის ამოცანები რომლებიც ჩვენს წინაშე დასმული“ - განაცხადა ლევან იზორიამ.