იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ კანონპროექტს, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტი ითვალისწინებს: ოლიგარქის და ოლიგარქიული მმართველობის შეკავებისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლების შექმნას, ოლიგარქის ტერმინის განმარტებას და შესაბამისი კრიტერიუმების დადგენას, რომელთა არსებობის შემთხვევაში, პირის ოლიგარქად იდენტიფიცირება და ცნობა ხდება.

 პროექტის მიხედვით, პირის ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილება ენიჭება საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, გარდამავალი დებულებების თანახმად, პირის ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს პარლამენტს.

 კანონპროექტით შემოთავაზებულია ოლიგარქთა რეესტრის არსებობა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.

 კანონპროექტის ავტორის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული თორმეტ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

 „ჩვენი მიზანი იყო განგვესაზღვრა ოლიგარქიული მმართველობის სამართლებრივი საფუძვლები და უმრავლესობისათვის შემოგვეთავაზებინა, პოლიტიკური შინაარსისგან განცალკევებით, სამართლებრივად გვემსჯელა იმ პრობლემებზე, რომელიც ოლიგარქიას შეიძლება შეხებოდა“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.