იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გვარაკიძეს მოუსმინა და რეკომენდაცია გასცა, რომ იგი პარლამენტის მიერ არჩეულ იქნას აღნიშნულ თანამდებობაზე.

კენჭისყრამდე, გიორგი გვარაკიძემ კომიტეტის წევრებს პროკურატურის შემდგომი განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.

  „მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება.

ბოლო წლების სამართლებრივმა რეფორმებმა დადებითი გავლენა იქონია სისხლის სამართლის უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

  

მისივე თქმით, პოლიტიკის აღსრულება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევებისა და საჭიროებების სწორ ანალიტიკას და დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმების ხელშეწყობის უზრუნველყოფას.

 გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

 პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს.