როთი და გიჟმანტა თუ ჟიგმანტა კუბილიუსების და ფოტიგების გაგრძელება არიან, მათი ხელწერა ვიცით, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან, ხელმოცარულები არიან, ცდილობენ, როგორმე „ნაცმოძრაობას“ არგონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს თავის ქვეყანაში პატივს არ სცემენ.
„ეს როთი და გიჟმანტა თუ ჟიგმანტა კუბილიუსების და ფოტიგების გაგრძელება არიან. მათი ხელწერა ვიცით. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები. წლებია, მათ „ნაცმოძრაობა“ აფინანსებს, ლობისტები არიან და მათგან რას უნდა ელოდოთ? ჩამოვიდნენ და ჩახდილების გვერდით დადგნენ. რას ველოდებით მათგან? ჟიგმანტას თავის ქვეყანაში პატივს არ სცემენ. ვაშაძეს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ჟიგმანტას და ეს მისმა კოლეგებმა გვითხრეს. ესენი არიან ხელმოცარულები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე „ნაცმოძრაობას“ არგონ. ჟიგმანტასს ზნეს ვერ შეაცვლევინებ, ვინც არის, ის არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რუსთაველის გამზირზე 14 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.
ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.