ეს იყო ტოტალური პირსისხლიანი მანქანა, რომელიც ანგრევდა ყველაფერ მის გზაზე და ეს არ იყო მხოლოდ ბიზნესი - ყველას ეხებოდა ეს. ეს ხდებოდა ხელოვნებაში და ყველგან. ეს იყო აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხალხი და „იმედი“ იყო ბოლო ჯებირი აბსოლუტურ ძალაუფლებამდე, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე საუბრისას.
„სააკაშვილის ეკონომიკა ძალიან საინტერესო განსახილველია. რატომღაც ჰგონიათ, რომ სააკაშვილის დროს ეკონომიკა აქ აყვავდა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და კატასტროფა. 2009 წელს ერთ ამერიკელთან რაღაც სტატია დავწერე ამაზე. სააკაშვილის დროს იყო წარმოუდგენელი ელიტარული კორუფცია. შევარდნაძის დროსაც იყო კორუფცია და თუ შემადარებინეთ, შევარდნაძის კორუფცია ჯობია ეკონომიკის განვითარებისთვის - დემოკრატიული კორუფცია რომ დავარქვათ, ვიდრე ელიტარული კორუფცია, იმიტომ რომ დემოკრატიული კორუფციის პირობებში ბოლო-ბოლო ის ქრთამი გადასახადივით გადევს თავზე და ვისაც მეტი ეკონომიკური შნო აქვს, რომ ამოიღოს, ის იღებს. სააკაშვილის დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა, შენ უფრო მეტის გადახდა შეგეძლო თუ მეტი ღირებულების ამოღება რაღაც აქტივიდან - აქტივს აძლევდნენ მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც უფლება ჰქონდა ყოფილიყო ეკონომიკურ აქტივობაში. რაღაც მომენტში ისე შეეშინდათ, რომ დათვალეს ბადრის 2 მილიონი თუ რაღაც ჰქონდა დახარჯული 7 ნოემბერზე და ამ სიგიჟეებზე და შემოიღეს - მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი უბრალოდ წაგართმევდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ. ამიტომ, მოვხვდით ისეთი სიტუაციაში, როცა არავის არ უნდოდა საქართველოში დაბანდება.
ამან გამოიწვია ეკონომიკური კოლაფსი. ამათ რომ არჩევნები არ წაეგოთ 2012 წელს, წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვიქნებოდით. 2012 წლის ზაფხულში მერაბიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენები (მე იქ არ მეძახდნენ, არ ვიყავი სანდო ადამიანი), სადაც გამოაცხადა: „ჩვენი ეკონომიკური პრობლემები არის თქვენი ბრალი და აწი სახელმწიფო თქვენ ბიზნესებში შემოვა და იქიდან დაიწყებს მართვას“. კიდევ კარგი, ამ ექსპერიმენტს ვერ მოვესწარით, იმიტომ რომ ოქტომბერში არჩევნები წააგეს.
ერთხელ მამუკა ხაზარაძემ თქვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მარტო იმ ხალხს ვართმევ ხელსო, ვისაც ხელი არ აქვს სისხლიანიო. იქ არ იყო ეგეთი ადამიანი. ეს იყო ტოტალური ჯგუფი. შეიძლება სხვადასხვა რაღაცას აკეთებდნენ - ვიღაც საპატიმროში სცემდა ხალხს, გიორგი ვაშაძე კიდე რეესტრში მიყინავდა კომპანიას. ინვესტორები დავკარგეთ იმიტომ, რომ ამონაწერს არ მაძლევდნენ რეესტრში. ხომ ამაყობენ რეესტრით, რომ გააციფრულეს? ეს გაციფრულება დაეხმარათ იმაში, რომ მე ჩამწერეს, როგორც ამერიკის სამოას მოქალაქე და იმის მერე მეუბნებოდნენ, რომ უნდა დამემტკიცებინა, რომ მე ის ირაკლი რუხაძე ვარ, რომელიც ამერიკის სამოას მოქალაქეა, იმიტომ რომ იმას ეკუთვნის თურმე აქტივები. ასეთ სიგიჟეში ვცხოვრობდით. რაღაც მომენტში უფროსი ჩამოვიდა და თქვა: „თქვენ კრეტინები ხომ არ ხართ, ხომ იცით, რამდენჯერაც მოხვალთ, იმდენჯერ გატეხილი დაგხვდებათ კომპიუტერი და მაინც მოდიხართ?“
„დინამო თბილისის“ გადაცემა მოგვიწია 1 ლარად თუ დოლარად სხვა ჯგუფისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდი დაგვინგრიეს. ამონაწერს არ გვაძლევდნენ, ბილეთს ვერ ვყიდულობდით, ავტობუსს ვერ ვხმარობდით, გუნდი შეჯიბრებზე ვერ მიგვყავდა და ვთქვით, დინამო თბილისი ჩვენს ხელში რომ არ დაინგრეს, ვინც თვითონ მოგვიყვანეს, 1 დოლარად იმას მივეცით“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.