შეიძლება, უცხოელი კონსულტანტი გყავდეს, ამაში დანაშაული არაფერია. საუბარია, უცხოელ კონსულტანტთან რამდენად კანონიერი გზით ურთიერთობ. ასევე მნიშვნელოვანია კონსულტანტის საქმიანობის შინაარსი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის და მომავალი ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად“.
მისი თქმით, გამოძიების მასალებს არ იცნობს და არ შეუძლია, რაიმე დააკონკრეტოს.
„ფაქტია, ამ კონსულტანტთან ურთიერთობა არ არის კანონიერად გაფორმებული და ალბათ, ტრენინგების შინაარსიც არ არის პოლიტიკური კონსულტაციების ღია და დაშვებული სივრცე. გვინახავს, „კანვასი“, თუ აკერმანი საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჯგუფებს როგორ ამზადებდნენ რევოლუციური სცენარისთვის, სახელმწიფო უწყებებზე, პოლიციელებზე როგორ უნდა მიეტანათ იერიში. ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ ვინმეს კონსულტანტი ჰყავდეს. ოპოზიციის მიერ ამ ყველაფრისთვის თავის არიდება გვაფიქრებინებს, რომ არაკანონიერ ქმედებებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.








