საქართველოზე არის პოლიტიკური წნეხი, რომლის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესები დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

„ზოგადი განცხადებების გარდა, სხვა არგუმენტები არ აქვთ და დარჩენილი აქვთ დაშინების კამპანია – დაგასანქცირებთ. ვფიქრობ, არავითარი სერიოზული სანქციები არ იქნება, მაგრამ ეს იქნება ევროკავშირის უკან დახევა, მისი პრინციპებიდან გამომდინარე. ყოველთვის და ყველგან მოვითხოვთ, ჩვენთან დამოკიდებულებაში არ იყოს ორმაგი სტანდარტი და პოზიცია, რომ უსიტყვოდ უნდა შევასრულოთ, რასაც უცხოეთიდან გვეტყვიან, რადგან ეს შეიძლება, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს.

პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება, ვითხოვთ, მათი დამოკიდებულებაც ანალოგიური იყოს. ევროკავშირში ბევრი ქვეყანაა, რომელთაც ასეთი კანონი ან მიიღეს ან მიღების პროცესში არიან. მსგავსი ცვლილებების მიღებას თავად ევროკავშირიც აპირებს. ევროკავშირში არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც შეიძლება, რაიმე დაფინანსება შეიტანოთ და ეს მკაცრად გაკონტროლებული არ იყოს. ახლა საქართველოზე არის პოლიტიკური წნეხი, რომლის უკან არაკეთილსინდისიერი ინტერესები დგას. ამ თანხების გამცემებმა იციან, რას გასცემენ და რას იღებენ, მაგრამ ეს ყველაფერი თურმე მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „გვქონდა მსჯელობა გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებმა სწორად მიიჩნიეს, რომ კანონი ევროკავშირის ნორმებს ეწინააღმდეგება“. მისი თქმით, „დაიწყეს კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა“.