საერთო სიის შემადგენელი ნაწილების 99 პროცენტი სხვადასხვა ფორმით დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ისევ ერთ ელექტორატზე კონცენტრირებული საარჩევნო სია სალომე ზურაბიშვილის ქოლგითა და მფარველობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ სიას ქართულ პოლიტიკაში რაიმე განსაკუთრებული სიახლე ვერ ექნება.

„კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი, ვინ არის ოპოზიცია – ორთოდოქსი „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილი, რევიზიონისტი „ნაციონალური მოძრაობა“ გვარამია და მელია, „ნაციონალური მოძრაობასთან“ მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი „ლელო“, ოპორტუნისტი „ნაციონალური მოძრაობა“ გირჩი ჯაფარიძე. „ლელოს“ სამი პროცენტი რომ ჰქონდა, შეიძლება ისიც ვეღარ მიიღოს, რადგან მისი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც „ლელო“ რაღაცა სხვა ეგონა, სულ არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათი სამი პროცენტი იყოს პორტირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.