პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" ისაუბრა.

ქადაგიშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს ეწინააღმდეგება თუ არა რომელიმე ნორმა საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო კონკრეტული პირის დეპუტატად აღიარების ან არ აღიარების საქმეზე, უზენაესი სასამართლო არ მსჯელობს.

მისივე თქმით, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოპოზიცია აღნიშნული საკითხით სპეკულაციას ცდილობს, რათა მე-11 მოწვევის პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალონ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ქვემდებარე საკითხი არ არის კონკრეტული პიროვნების, მისი დეპუტატობის ცნობა-არ ცნობის საკითხი, ამიტომ, ამ საკითხს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ამ საკითხის ქვემდებარეობა არის საერთო სასამართლოების საქმე.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს მხოლოდ რომელიმე კანონის ნორმა ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ იმაზე, რომ არჩევნების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არსებობს თუ არა რაიმე ისეთი ნორმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან არის წინააღმდეგობაში. დანარჩენი სხვა არის ჩვეულებრივი სპეკულაცია იმ მიზნით, რომ რაიმენაირად შეაფერხოს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ახლად არჩეული პარლამენტის მუშაობის დაწყება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პარლამენტის მუშაობის დაწყებას ხელს ვერ შეუშლის. დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტის საკითხი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.