პენელოპეს, ანუ საცოლეს როცა ადარებ სამშობლოს, ყველაფერი ნათქვამია, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა.
„სამწუხაროდ, ეს ამ ადამიანის ალუზიებია. მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა. როცა პენელოპეს, ანუ საცოლეს ადარებ სამშობლოს, აქ ყველაფერი ნათქვამია – შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან. მისი ალუზიები, რაც მას სხვა სქესთან დაკავშირებით აქვს, მის პოლიტიკურ შეხედულებებში პროეცირდება სახელმწიფოსთან მიმართებით.
როგორ შეიძლება, ნორმალურმა და მოაზროვნე ადამიანმა სააკაშვილის ლიდერობა და სიკეთე იწამოს? მსოფლიოში პოლიტიკოსი თუ ცნობილი სახელი და გვარი არ დარჩა, რომელიც მის ამ ერთ სხეულში არ ყოფილიყო გაერთიანებული. იმდენად ბევრია ეს გაერთიანება, რომ ავატარიც კი შექმნა. მისი განცხადებები ოპოზიციის გაერთიანებას და ახლის შექმნას კი არ უწყობს ხელს, პირიქით, რევანშია მისი მხრიდან – თავის დროზე რომ დაიშალეთ, დამაზიანეთ, ვერაფერი გააკეთეთ, დრო ვიხელთე და არასწორი პოლიტიკის გამო გაჩანაგებთო. სააკაშვილი იმ პოლიტიკისგან შორს არასოდეს ყოფილა, რომელსაც დაშლილი ნაწილები თუ „ნაცმოძრაობა“ ატარებდნენ. მისი ხასიათია, რომ დღეს ერთი თქვას და ხვალ – მეორე, თუმცა მას ოპოზიციის მიმართ დადებითი განწყობა არ აქვს, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ მათი უსუსურობა გააკრიტიკოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.









