თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა  დაიწყო, ე.წ. სამთავრობო ლოჟიდან სიტყვა "მოღალატე" გაისმა. ვინ მიაძახა პრეზიდენტს ეს სიტყვა ამ დრომდე უცნობია, თუმცა, იქვე ითქვა რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი ქადაგიშვილი მედიასთან ამბობს, რომ ნამდვილად გააპროტესტა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, მაგრამ, სიტყვა "მოღალატე" არ უთქვამს.

"სიტყვა "მოღალატე" არ თქმულა. მე არ მითქვამს ეს სიტყვა და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეს სიტყვა არ მითქვამს. მხოლოდ მაშინ გავაკეთებ პრეზიდენტის სიტყვაზე კომენტარს, როცა მისი სიტყვა რაიმენაირად პოზიტიური იქნება საქართველოს მიმართ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.