ევროკავშირის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ „საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“.
მისი თქმით, ფეოდალური მიდგომები – „დაყავი და იბატონე“ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს.
„საქართველოს ხალხი და სახელმწიფო დაყოფილი არ არის და საქართველოს სახელმწიფოს სისხლი არის ქართველი ხალხი, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ირჩევს. ამიტომ პატივი სცეს მან საქართველოს მთლიანობაში დანახულს და ნურავინ ეცდება, რომ საქართველო დახლიჩოს რამდენიმე ნაწილად. ეს ფეოდალური მიდგომები -„დაყავი და იბატონე“, საქართველოში არ უნდა მუშაობდეს. საქართველოს ხალხთან ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ლაპარაკს. როგორც შეაჩერეს 2024 წლის ზაფხულში არჩევნების წინ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, კეთილი ინებონ და აღადგინონ ეს პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე გააკეთონ ხოლმე გარკვეული შეფასებები. ეს უფრო რეალისტური დამოკიდებულება იქნება, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.









