ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი არის რეფორმირებული და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის რბილი ძალა გახდა. აქედან გამომდინარე, მათი დაფინანსებები ყოველთვის დახურული და დაფარული იყო. რთული აღსაქმელი იყო, რა საქმიანობა ხორციელდებოდა კარგი აბრის უკან. ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში დღის წესრიგში დგას გამჭვირვალობის კანონის აქტუალობა.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არსებობს რაღაც ერთიანი მიზანი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, ვრცელდება დიდი რაოდენობის ქვეყნებზე და თავისი იდეოლოგიური გარკვეული ბაზა აქვს. ამ დაფინანსებებს იყენებენ სწორედ იმისთვის, რომ ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ვითარებაში ჩარევა, ესკალაცია და სიტუაციის გაუარესება მოახდინონ. ზოგადად, ეს ყველაფერი მიმართულია ეროვნული სახელმწიფოების და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოში „რუსულ კანონს“ რასაც უწოდებდნენ, ახლა ევროპის ბევრ ქვეყანას შეუტრიალდა ბუმერანგივით. რაც შეეხება ევროკავშირს, ალბათ, მას მოუწევს პასუხების გაცემა იმასთან დაკავშირებით, რა ხასიათის იყო ეს დაფინანსება და რა მიზნებისთვის არის გამოყენებული. ვხედავთ, რომ ევროპაში პოლიტიკური ძალები ითხოვენ არა ევროპის დაშლას, არამედ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების რეფორმირებას. ამას ვხედავთ იმ კრიზისულ ვითარებაში, რაც ევროპის ქვეყნებში ბოლო პერიოდში შეიქმნა, როცა ხალხი ქუჩებში გამოვიდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.