ესტონეთში რა ფინანსებიც ტრიალებს, აქედან ვერ გააკონტროლებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგრანტო პოლიტიკის გატარება კარგი საშუალებაა, რომ სანერვიულო არავისთვის არაფერი იყოს.

„ესტონეთში რატომ დაარეგისტრირეს? იმიტომ, რომ ესტონეთში რა ფინანსებიც ტრიალებს, აქედან ვერ გააკონტროლებ. ამიტომ არის ეს გაკეთებული. ფული რამდენია და რაში უნდა დაიხარჯოს, საჯარო რომ არ იყოს, ამაზეა ეს ყველაფერი მოწყობილი. საგრანტო პოლიტიკის გატარება კარგი საშუალებაა, რომ სანერვიულო არავისთვის არაფერი იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასწავლიდათ, დარეგისტრირება როგორ კეთდება, როცა არჩევნებზე ერთ კორპუსში 500 ადამიანი ჰყავდათ რეგისტრირებული. გამოცდილება აქვთ, ეს მაქინაციები როგორ გააკეთონ. მაგათ რომ იციან, იცოცხლე. ეს შენობა კიდევ ერთი მაჩვენებელია იმის, რომ ჩვეულებრივი შავი საქმიანობაა. არასამთავრობო სექტორი კი არა, „ბომჟიც“ რომ არ შეიხედავს, ისეთი შენობაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ესტონეთში ერთ მისამართზეა რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ ესტონეთის ოფისი, „პუბლიკა“, ტაბულა და on.ge. მისი თქმით, „ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეძებენ გზას, ქართველი ხალხის დაუკითხავად როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება და სწორედ ამ გზებით ცდილობს ევროკავშირი, საქართველოში მოქმედი კანონის გვერდის ავლით ფული მიაწოდოს მის მიერ მართულ „ენჯეოებს““.