სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იესპერ მოლერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ფონდსა და კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ყურადღება უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროგრამებზე გაამახვილეს.
ირაკლი მეძმარიაშვილის შეფასებით, კომიტეტს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს, რასაც მოწმობს გასულ წელს კომიტეტის წევრების გურიის რეგიონში გამართული შეხვედრების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე იმ საპილოტე პროგრამაზე ერთობლივი მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს გურიის რეგიონში მცხოვრები და სპორტის სახეობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდების ჯანმრთელობის შემოწმებას.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კომიტეტსა და ფონდს შორის დაწყებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. მისივე თქმით, საქართველოში ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოზარდების ჯანმრთელობის პრობლემების შესწავლის და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიების საკითხზე კომიტეტი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას გეგმავს და მოხარული იქნება თუ ფონდი აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება და ამით დაინტერესდება.
შეხვედრის დასასრულს ირაკლი მეძმარიაშვილმა იესპერ მოლერს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდის წარმომადგენელს სამომავლო თანამშრომლობაში წარმატებები უსურვა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე დაესწრნენ.