განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია. ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, სკოლებსაც. პირველ რიგში, სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ცოტა ხანში მთავრობა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.
„მანამდე წარვადგინეთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია, ახლა საუბარია უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, სადაც ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა, სახელმძღვანელოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი. ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები, რათა ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ და ღირებულებები გავუზიაროთ ცოდნასთან ერთად ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს. იგივე ეხება უმაღლეს განათლებასაც. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორ ღირებულებებს ეფუძნებოდეს ცოდნა, რომელსაც ვუზიარებთ ახალგაზრდებს. ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის. კობახიძის თქმით, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს განათლების სისტემის რეფორმას, რათა საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი მეტად გაიზარდოს.
„ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ სპექტრში არსებულ მდგომარეობაზე, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით გაშლილ დისკუსიებზე, როგორიც არის ე.წ არაბიზაცია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები. შეიძლება, მოგინდეს სპეკულირება, მაგრამ იქაც ხომ შეიძლება, ლოგიკა ააგო. ლოგიკას ვერ აწყობენ. ლოგიკა არის მეცნიერება, თავისი წესები აქვს, ერთი არგუმენტი მეორეს უნდა მიჰყვებოდეს და ასე შემდეგ. თუნდაც სპეკულირების და დემაგოგიის პირობებში, საკუთარ თავს უნდა სცე პატივი და რაღაც ლოგიკური ჯაჭვი ააწყო. საერთოდ არ აინტერესებთ ლოგიკა. ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობენ, ლოგიკა კი არა, მათემატიკა, არითმეტიკა არ აინტერესებთ. მაგალითად, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ვიდეოებს ავრცელებენ სოცმედიაში, მარტო ის კი არ არის, რომ თავისი აზრი აქვს და ეს აზრი სწორია თუ არასწორია, საერთოდ ლოგიკას არ ეფუძნება ხოლმე მათი განცხადებები, ლოგიკას არის აცდენილი. ამიტომ, ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ განათლების რეფორმას. სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, რადგან განათლებული საზოგადოება ბევრად ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს და ასე შემდეგ. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ცოდნა, გამოცდილება აკრიფა ამ წლების განმავლობაში. 35 წელი ისეთ პროცესები გამოვიარეთ, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, სიბრძნე, ცოდნა, გამოცდილება დააგროვა ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ საჭიროა დამატებით კონკრეტული ცვლილებების განხორციელება განათლების სისტემაში, რათა მეტად გაიზარდოს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი. განათლებული საზოგადოება არის ყველაზე მეტად დაცული ნებისმიერი რისკებისგან. ამიტომ, ბოლომდე მივიყვანთ ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




