"სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე ითქვა საჯაროდ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? არ არსებობს ასეთი არგუმენტი, იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ ვერ იარსებებს. ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ რუსულ კანონს, ეს არის უბრალოდ ტყუილი." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა - უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის სწორედ ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა.

სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ევროინტეგრაციის ინტერესებს და ამას საზოგადოება დაინახავს. ჩვენ გამოვიარეთ ბრძოლები, განსაკუთრებით 2020-2021-2022 და 2023 წლებში და ამ ბრძოლებმა მოგვიტანა ჩვენ კონკრეტული შედეგები და ამას საზოგადოება აკვირდებოდა. რა არის ამ რამდენიმე წლის შედეგები ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი პრობლემებისა და რისკების მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, არავის არ მივეცით ქვეყნის არევის საშუალება, ძალიან სერიოზული მცდელობა იყო. გახსოვთ, რიგგარეშე არჩევნები, რევოლუცია უნდოდათ, მერე გახსოვთ, რას ითხოვდნენ ჩვენგან, როცა უკრაინაში ომი დაიწყო.

მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ბოლოს ქვეყანამ ჩვენს ხელში მიიღო კანდიდატის სტატუსი. მანამდეც, რაც ხელშესახები შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის მათ შორის ასოცირების შეთანხმება, DCFTA, ვიზა ლიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი - ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების ხელში და არაფერი მოსულა მარტივად - ჩვენ ყველაფერი მოვიპოვეთ ბრძოლით და შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა და შესაბამისად, სერიოზული პრობლემები შეექმნა.

აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღება ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ევროინტეგრაციას და ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. თუ არ მივიღებთ ამ კანონს, სწორედ ამ შემთხვევაში შეგვექმნება სუვერენიტეტის პრობლემა და შეგვექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის კუთხით“, - ასე ფასებს პრემიერმინისტრი დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ