მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა, მინდა, აქ ერთი რამ აღვნიშნო. მას თუ აქვს რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. მგონია, რომ მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში ყველამ უნდა გვაცადოს ჩვენ, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, რადგან სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები" - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას.
„მე მახსოვს თავის დროზე კარლ ჰარცელის განცხადება მელიას დაჭერასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, საჯაროდაც და მეც მქონდა მასთან საუბარი, რომ მელიას დაჭერა ხელს არ შეუწყობდა რაღაც პროცესების სწორად განვითარებას. მაშინ მე ვუთხარი მარტივი რამ, მაშინ გადაახდევინეთ მელიას გირაო. ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ხომ ვერ ჩავერეოდით სასამართლოს საქმიანობაში. ძალიან მარტივი იყო მისთვის მელიას დარწმუნება იმაში, რომ გადაეხადა გირაო, რაზედაც მითხრა, რომ ის არ გეგმავდა ამის გაკეთებას, მელიას დარწმუნებას, გადაეხადა გირაო.
შემდეგ გახსოვთ თქვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში იყო სწორი, მელიას დაჭერა იყო სწორი და ლეგიტიმური, დარჩა ისტორიას კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ისტორიას დარჩა ასევე სტრასბურგის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება ეფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლის განუყრელ დაცვას. “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.