წელს წარმატებით დაიწყო საჯარო სამსახურში კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მზარდი დაინტერესებაა ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა მომდევნო წლების განმავლობაში.
„364-მა საჯარო დაწესებულებამ გამოაცხადა სტაჟირების კონკურსი 3 459 ვაკანტურ პოზიციაზე. კონკურსში მიიღო მონაწილეობა კურსდამთავრებულების უპრეცედენტო რაოდენობამ – 5 692-მა კურსდამთავრებულმა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს აღემატება 20%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ არის მზარდი დაინტერესება ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და რა თქმა უნდა, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში. კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ასევე საკმაოდ მაღალია გასული წლების მონაცემებით კურსდამთავრებულთა შესაბამის უწყებებში დასაქმების მაჩვენებელიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ამასაც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











