ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ჩვენ მიერ წარდგენილი სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში როდესაც ჩვენ გავგზავნეთ შესაბამისი წარდგინება, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, იმისთვის, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, რომ არ მომხდარიყო დიფერენცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი წვლილი მიუძღვით ნაკრების წარმატებაში, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევადგინეთ შესაბამისი სია. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში.
მაგალითად არის ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, არიან სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არის ასევე ტექნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. უბრალოდ გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება, რას ემსახურება ეს ყველაფერი, არ ვიცი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც ჩვენ სწორედ კონსულტაციების საფუძველზე გავგზავნეთ პრეზიდენტთან განსახილველად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განკარგულება გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 23 მაისით არის დათარიღებული. ირკვევა რომ პრეზიდენტმა, 2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინებაზე, ორი განკარგულებაა გამოსცა.
53 კაციანი სიიდან, პირველი განკარგულების მიხედვით მხოლოდ 34 ადამიანს ერგო ღირსების ორდენი, ხოლო მეორე განკარგულების მიხედვით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 6-ს წარმომადგენელს.
პრეზიდენტის 2 განკარგულება - ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების კიდევ 6 წარმომადგენელი დაჯილდოვდა