საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერის როლი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებასა და მოდერნიზაციაში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ტვირთბრუნვის მზარდ მაჩვენებლებზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის ახორციელებს. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა აეროპორტებისა და რკინიზგის მოდერნიზაციის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, რომელიც პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს.









