პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ჩვენი ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს და ეს აუცილებლად ასეა საჭირო, თუმცა აქაც, ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, განაცხადი, უნდა იყოს პრაგმატული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერებს შორის ურთიერთობა სიძულვილზე არ უნდა იყოს აგებული.
„რაც შეეხება ერებს შორის ურთიერთობას, ეს არის მუდმივი მოცემულობა, შესაბამისად, აქ არა მხოლოდ პრაგმატულობაზეა საუბარი, აქ ელემენტარულად ბუნებრივი მოვლენაა ის, რომ ერის მიმართ დამოკიდებულება, არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული. არ არსებობს ერი, რომელსაც თავისი ცოდვა არ აქვს, თუ საუბარია იმ ერებზე, რომლებმაც მოახერხეს საკუთარი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იმპერიების ჩამოყალიბება, მათ აქვთ უამრავი ცოდვა ჩადენილი. ნებისმიერი ერი რომ აიღო, და ეს არის ძირითადად უდიდესი ერები, უდიდესი კულტურის შემქმნელი ერები, ყველა ერს, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს ისტორიის სხვადასდხვა ეტაპზე იმპერია, მიუძღვის უამრავი ცოდვა, განსაკუთრებით საკუთარი მეზობლების წინაშე. ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, უდიდესი კულტურის ერებზეა საუბარი. ეს არის თომას ჰობსის მარტივი ფორმულა, რომელიც ანტიკური პერიოდიდან მოდის და უბრალოდ თომას ჰობსმა ახალი დატვირთვა მიანიჭა. საერთაშორისო პოლიტიკაში მუშაობს, სამწუხაროდ, პრინციპი: „კაცი კაცისთვის მგელია“, ლათინურად – Homo homini lupus. კაცი კაცისთვის მგელია და, სამწუხაროდ, ასეა. როდესაც ერი ახერხებს იმპერიის ჩამოყალიბებას, ის ძალიან ბევრ ცოდვას ჩადის.
ისტორიულად ასეა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არის ასეთი ერები, რომლებმაც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შექმნეს იმპერიები და უამრავი ცოდვა მიუძღვით სხვა ერების წინაშე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ ერებმა შექმნეს კულტურა და დღეს ისინი ახერხებენ ცივილურად თანაარსებობას საკუთარ მეზობლებთანაც და არამეზობლებთანაც. ამიტომ ერი არის მარადიული, მით უმეტეს, როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ და ერთმანეთს ვერსად ვერ გაექცევიან. შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, არც პრაგმატული და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით. ეს არის უმარტივესი ჭეშმარიტება, რაზეც ჩვენ ახლა სერიოზულად გვიწევს მსჯელობა, სამწუხარო მოვლენაა, თუმცა გიდასტურებთ, რომ აქტუალური საკითხია იმ ხელოვნური დისკურსიდან გამომდინარე, რომელიც გარედან ჩვენს საზოგადოებას მოახვიეს თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.















