„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ბიზნესმენ კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-სთან დაკავშირებით, რომელმაც ღარიბაშვილის თქმით, მედიკამენტები 300%-ით გააძვირა, რაზედაც მკაცრი რეაგირება მოხდება.
„პრემიერმა აღნიშნა, რომ ოქრიაშვილმა რამდენჯერმე გაზარდა კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასები, ხელოვნურად, თან თუ არ ვცდები, საუბარი იყო ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამაზე ოქრიაშვილის პასუხი იყო ის, რომ მისი კომპანია ყოფილა არა მისი საკუთრება, არამედ სახალხო საკუთრება. ახლა როგორი სახალხო საკუთრება არის ოქრიაშვილის კომპანია, ყველამ ძალიან კარგად იცის. მას ჰქონდა ერთგვარი წამოცდენა, ერთი სიმართლე თქვა თავის განცხადებაში. ეს არის ის, რომ ის კომპანია [PSP] სინამდვილეში არის არა ოქრიაშვილის, არამედ პირველ რიგში ვანო მერაბიშვილის. თავიდანვე ასე შეიქმნა ეს კომპანია და დღემდე ოქრიაშვილი ერთგვარი ხელია ვანო მერაბიშვილისთვის, რომელიც რეალურად ფლობს ამ ბიზნესს“, - განაცხადა კობახიძემ.